მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jan 27, 2010

სრულყოფილების დევნაში

სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი განვითარების სხვადასხვა სტადიებს გადის. ზოგი პროგრესიულად დროს უსწრებს, ზოგი მშვიდად დინებას მიჰყვება. ამავდროულად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად მიბაძვის საგანი ხდება. არავინ იცის ვის რა უწერია სამომავლოდ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, ვისაც მიუხედავად ამისა, გეგმები წინასწარ საგულდაგულოდ გაწერილი აქვთ. საბოლოოდ, ჩვენი მიზნების სათავე ჩვენივე ღრმა ოცნებებიდან გამომდინარეობს. მიზნები სხვადასხვა გეგმის მეშვეობეით რეალიზაციის პროცესამდე აღწევენ. რეალურ ცხოვრებაში კი განხორციელებას ისინი ხანდახან ექვემდებარებიან ან სამწუხაროდ პირიქით, მინის ჭურჭელივით იმსხვრევიან. თუმცა ისიც მართალია - თუ ადამიანი ოცნებას წყვეტს, მაშინ მასში ახალი მიზნები ნაკლებად გენერირდება. ეს ისტორია იჯი ტოიოდას ეხება, რომელსაც მიუხედავად თავისი ასაკისა (დაბადების თარიღი - 1913 წელი) ოცნება დღემდე არ შეუწყვიტავს.


ტოიოდას დაზგაზე ავტომატური სამუშაოების საწარმო ტოკიოდან დასავლეთით 200 მილის მანძილზე ქალაქ ნაგოიაში, 1926 წელს დაფუძნდა. მისი მეპატრონე იჯის ბიძა საკიჩი გახლდათ. ოჯახურ ბიზნესში ჩართული იჯის მამა - ჰეიკიჩი საქმისათვის მეტი ყურადღების მისაქცევად საცხოვრებლად თავად ქარხანაში გადავიდა. ასე, რომ იჯის ცხოვრებაში მექანიკური მანქანებისა და დაზგების გარემოცვა ადრეულ ასაკშივე გაჩნდა, რამაც ბუნებრივია უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის მომავალზე. იჯი ტყუილად კი არ მოხვედრილა ტოკიოს უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე. 1936 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში, ქარხნის თანამშრომლებს ინჟინერიის ტრეინინგებს უტარებდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში ახლად დაარსებული „ტოიოტა მოტორ კომპანის" საქმიანი პარტნიორი ხდება.

Jan 12, 2010

ჯორჯ ბლეისდეილის ცეცხლოვანი იდეა

დიდი დეპრესიის პერიოდში შორეული ამერიკის მენავთობეთა ქალაქ ბრედფორდში, შტატ პენსილვანიაში ჩვეულებრივ სოფლის კლუბში ვინმე ჯორჯ ბლეისდეილი საცეკვაოდ მისულა. მაშინ ის ნავთობმომპოვებელი მოწყობილობების მწარმოებელი ფირმის მეწილე იყო. მეტალთან შეხება ყმაწვილობიდანვე ჰქონდა და არც გამომგონებლობის ნიჭი აკლდა. ცეკვა და ფუჭი დიალოგები ჯორჯს მალევე მობეზრდა, ამიტომ მორიგი სიგარეტის მოსაწევად ვერანდაზე გავიდა. აქ თავისი ძველი მეგობარი, დიკ დრესერი შენიშნა. ან როგორ შეიძლებოდა მისი არშემჩნევა, როდესაც ის სახის შეწუხებული გამომეტყველებით და ბუზღუნით ავსტრიული წარმოების, ძველ სანთებელას თავსახურს აწვალებდა. ჯორჯმა გახედა მეგობარს, სულ ერთი წამით დაფიქრდა და ვინაიდან დიკი შეძლებული ადამიანი გახლდათ, თავს ასეთი შენიშვნის მიცემის უფლება მისცა: „ძვირფასო დიკ, ახალი მეტად პრეზენტაბელური სანთებელის ყიდვის დრო ხომ არ არის?", მაგრამ დიკმა ამ დროისთვის სანთებელას თავსახური ახადა და ბორბალს დაჰკრა. მიუხედავად ქარისა, სანთებელა მაინც აინთო. დიკმა სიგარეტს მოუკიდა და უკმაყოფილო სახით წაიბუტბუტა: „კი, მაგრამ ეს სანთებელა ჯერ კიდევ მუშაობს!" ეს იყო ახალი იდეის წარმოშობის მომენტი იმიტომ, რომ ჯორჯმა სწორედ მაშინ გაათვითცნობიერა: „სანთებელა! ეს ისაა, რაც ადამიანს მისი მატერიალური სტატუსის მიუხედავად მუდმივად სჭირდება!" იმ დღიდან მოყოლებული ჯორჯი მუდმივად ფიქრობდა სანდო და ყველასათვის ხელმისაწვდომი სანთებელების წარმოებაზე.

ამგვარად, 1932 წელს შეიქმნა „Zippo”. ჯორჯმა ასეთი სახელწოდება საყვარელი სიტყვიდან „Zipper-იდან” გამომდინარე შეარჩია, რაც ელვას ნიშნავს. თუმცა, ვინაიდან მისთვის „Zippo” უფრო მოდურად ჟღერდა კომპანიას ეს სახელი მისცა. „Zippo-ს” ქარხანაში თავდაპირველად 6 ადამიანი მუშაოდა. თანამშრომელთა რაოდენობა თანდათან, პროდუქციის პოპულარობასთან ერთად მატულობდა. 1933 წელს ერთი სანთებელა 1, 95 $ იყიდებოდა და მიუხედავად ამისა, მომხმარებელს მოსწონდა ახალი, მოსახერხებელი დიზაინი, რომელიც სანთებელის ცალი ხელით ანთების შესაძლებლობას იძლეოდა.