მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS
Showing posts with label ანტიკვარიატი. Show all posts
Showing posts with label ანტიკვარიატი. Show all posts

Sep 18, 2010

ნუმიზმატიკა, ძველი ფული და ჩემი კოლექცია

თურმე, რენესანსის ეპოქაში ევროპელი მაღალჩინოსნები ძველებურ მონეტებს აგროვებდნენ. მონეტების შეგროვების მეცნიერება კი ნუმიზმატიკაა. ეს ლათინური სიტყვაა და მონეტას ნიშნავს. გარდა ამისა, მონეტარულ და საგადასახადო სისტემებს შეისწავლის. პირველი წიგნი მონეტებზე 1514 წელს, ფრანგმა ფილოსოფოსმა გუილაუმუ ბუდემ დაწერა. არსებობს ადრეული პერიოდის ისტორიული დოკუმენტები, სადაც ნუმიზმატიკაზე კონკრეტული საუბარი არაა. იტალიელი პოეტი ფრანჩესკო პეტრარჩე წერდა, რომ მეღვინე მას ძველ ლითონის ფულს სთავაზობდა. რომაული მონეტების პირველი კოლექცია 1355 წელს თავად მწერალმა იმპერატორ ჩარლზ მეოთხეს წარუდგინა. შემდგომში, ეს მიბაძვის საგნად გადაიქცა. ადამიანები, რომლეთაც საკუთარი მონეტების კოლექციები აქვთ ნუმიზმატები არიან. ჩემს თავს ნუმიზმატს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. თუმცა, ძველი ფულისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დამჩემდა.

ამბავი ბათუმში დაიწყო. ლიდა ბებოს ეზოში ერთი ძველი და მიტოვებული სახლი იდგა, რომელიც დედამისს ნანისო მელაძეს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, ადამიანს ყველაფერი ძველი და მისტიური იზიდავს. შესაბამისად, არც მე გახლდით გამონაკლისი. განსაკუთრებით მას მერე, რაც შევიტყე, რომ სახლში ძველი ნივთები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. სინესტისგან დამპალ პატარა ხის სახლს ალაგ-ალაგ იატაკიც კი არ ჰქონდა, ამიტომ შიგნით შესვლას ვერავინ ბედავდა. მე კი 7 წლისას სულმა წამსძლია და ჩუმად შევიპარე... ბნელ ოთახებში ბოდიალისას, მარტოობის, შიშისა და თავგადასავლის შეგრძნება მქონდა. კარგად მახსოვს, იქიდან გამოტანილი ქაღალდებით გატენილი ჩულქი, რომელიც დავმალე და თბილისში ჩუმად ჩამოვიტანე. ეს ქაღალდები ძველი ფული აღმოჩნდა, რომელიც ნანისოს თურმე ყოველთვის საკმაოდ ბევრი ჰქონია...

Apr 5, 2010

სააღდგომო კვერცხები და ფაბერჟე

ველოდები ჩემს 25-ე დაბადების დღეს, კიდევ სამმა თვემ უნდა განვლოს აგვისტომდე. ამინდი ნელ-ნელა სითბოს გვაპარებს. მე, როგორც მზის შვილს კმაყოფის შეგრძნებას მიმძაფრებს. ახლა აპრილია. აღდგომაა და ისიც 25-ე ჩემს ცხოვრებაში. ეს დღესასწაული ისევ ისე მიყვარს, როგორც ბავშვობაში. სააღდგომო კვერცხები შეღებილია, პასკა გამომცხვარია. ახლა უფრო დაზუსტებით ვიცი, რომ ეს ყველაფერი არამხოლოდ პატარებს ახარებს. რეალობაში, აღდგომა მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სააღდგომო კვერცხების შემქმნელების შთაგონების მთავარი წყაროა. რას იფიქრებდა ადამიანი საუკუნეების წინ, რომ შეღებილი სააღდგომო კვერცხები შესაძლებელია ოდესმე ხელოვნების ნიმუში გამხდარიყო? ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიოში დეკორაციული სააღდგომო კვერცხები ნებისმიერი მასალისგან მზადდება. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს.

გერმანელი მხატვრის, პიტერ ნებენგაუსის კოლექციიდან: სიცოცხლის სიმბოლო - ოქროსფერი კვერცხი, რომლის ღირებულება 20, 400 ა.შ.შ. დოლარს შეადგენს. ხოლო მეორე, სვაროვსკის კრისტალებით ინკუსტირებული 7000 ა.შ.შ. დოლარად არის შეფასებული.

Mar 24, 2010

„როზენტალის“ მოხატული თეფშები

ბებია (დედის დედა) არასოდეს მინახავს. ის ახალგაზრდა მკერდის კიბოსგან გარდაცვლილა. აი, დიდი ბებია კი კარგად მახსოვს. ძალიან უცნაური იყო ლიდა... კოხტა, კოპწია, მოწესრიგებული, არისტოკარტი და დახვეწილი. ზაფხულობით, როდესაც არდადეგები იწყებოდა, მთელი სამი თვით ბათუმში მაგზავნიდნენ. ხოდა, მეც ზღვიდან დაბრუნებულს სხვა რა საქმე მქონდა? დავძვრებოდი კარადებში, ვათვალიერებდი ყველაფერს. ორივე სართულის ყოველი ოთახი, სარდაფი და სხვენი შესწავლილი მქონდა. ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენდი და მიხაროდა. ჩემი უსასრულო ევრიკის საგანი ლიდა ბებოს ანტიკვარული ნივთები იყო. რას არ იპოვიდი ამ ძველ საგვარეულო სახლში, მაგრამ განსაკუთრებულად ნაირფერი ჭურჭელი მიყვარდა. ვერცხლის დანები, ჩანგლები, კოვზები და აუარებელი, რაოდენობის მოხატული თეფშები. ოჯახში ყოველი ნივთის გაჩენის ისტორიას მიყვებოდა ბებო. ასე, რომ თუ კი მეორედ ვათვალიერებდი რამეს, ბედნიერებისგან მეღიმებოდა, ვინაიდან სწორედ ამ წუთებში იბადებოდა უცნაური, საიდუმლო, ოდნავ მისტიური კავშირი ჩემსა და ლიდა ბებოს ნივთებს შორის. მე ხომ მათი ისტორია ვიცოდი. სამწუხაროდ, ლიდა ბებია ახლა უკვე აღარ არის. მისი ნივთების უმეტესობა მართალია მიმოფანტულია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია. პირადად მე მისგან სახსოვრად ოქროს საათი დამრჩენია, დედაჩემს ვერცხლის ყალიონი და ის ნაირფერი ჭურჭელი, რომელიც ოდესღაც ჩემი ევრიკის საგანი იყო. მიხვდებოდით, თემა ჭურჭლის მწარმოებელ კომპანიას ეხება.