მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Jul 31, 2010

ამბავი სახელწოდებისა - I ნაწილი

ყველა კომპანიას სახელწოდების შექმნის თავისი ამბავი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ძალზედ უცნაურად არის შერჩეული. ხანდახან სახელწოდება პირდაპირი შინაარსის მატარებელია ან პირიქით, სრულიად არანაირ კავშირშია თავად პროდუქტთან და წარმოებასთან.

მაგალითად, „Apple“ - ინგლისური სიტყვაა და ვაშლს ნიშნავს. ვის არ უყვარს ვაშლი? კომპიუტერული კომპანია „Apple-ს” დამფუძნებელს, სტივი ჯობსსაც ყვარებია, მეტიც ეს მისი ფავორიტი ხილი ყოფილა. ახალადდაფუძნებული კომპანიის სახელწოდების ძიებისას სამთვიანი ფიქრის შემდეგ, სტივ ჯობს თანამშრომლებთან თათბირი გაუმართავს და უთხოვია თავიანთი ალტერნატივა 5 საათამდე შეეთავაზებინათ. ახალი იდეა არ გაჩნდა, კომპანიას კი ვაშლის სახელწოდება - „Apple” შერჩა.

მეორე კომპიუტერული კომპანია „Hewlett-Packard“ ან უბრალოდ „HP” დამფუძნებელთა ინიციალებისგან შედგება. ბილ ჰავლეტმა და დეივ პაკარდმა თავის დროზე პირველობისთვის მონეტა ააგდეს. ასე დაადგინეს, რომ კომპანიისთვის არა „Packard-Hewlett“, არამედ „Hewlett-Packard“ უნდა დაერქმიათ.

Jul 10, 2010

მსოფლიო თასზე ლიდერი ბრენდი ანუ „ადიდასი“

ხომ გაგიგიათ - ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო? სინამდვილეში, ყოველთვის ასე არ ხდება. ამის ნათელი მაგალითი ძმები დასლერები არიან, რომელთა უთანხმოებამ საერთო საწყისის მქონე კომპანია „ადიდასი“ და „პუმა“ წარმოშო.

თავდაპირველად, ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები ფეხსაცმლის წარმოებას პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეუდგნენ. ყოველწლიურად ორას ათას ფეხსაცმელს ჰყიდნენ და სამომავლოდ გეგმებსაც აწყობდნენ. თუმცა, საბოლოოდ ერთმანეთთან უთანხმოების გამო, ცალ-ცალკე მუშაობა ამჯობინეს. ასე, რუდი დასლერმა 1948 წელს „პუმა” დაარსა, ხოლო ადოლფმა „ადიდასი” დაარეგისტრირა. წარმატების გზა ორივე ძმამ სხვადასხვაგვარად განვლო.

Jul 3, 2010

ალან მიკლის „სათვალელანდია“

ცხოვრებას ნუ უწოდებ ბინძურს მხოლოდ იმიტომ, რომ სათვალის გაწმენდა დაგვიწყებია - ასეთი შეცდომა ერთ მაღალ, გამხმარ და ჩაკეტილ ადამიანს არასოდეს დაუშვია. მეტიც, სათვალეების სიყვარულით შეპყრობილს საკუთარი სამყარო - „სათვალელანდია“ შეუქმნია. აქ ყველაფერს თვალები აქვს. ფერთა პალიტრა მრავალფეროვანია. ჩარჩოები ნაირფერია და არც ფორმებს უჩივიან. „სათვალელანდიაში“ ოპტიკური შუშების გაწმენდა არავის ავიწყდება. აქ ერთხელ მოხვედრილს მალე მუდმივი სტუმრის სტატუსი გენიჭებათ იმიტომ, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს ალან მიკლის სათვალის თუნდაც ერთი მოდელი.


სომხური ფესვების მქონე, ლიბანიდან საფრანგეთში ემიგრირებული ალან მიკლიტარიანი 1955 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში მხედველობა გაუუარესდა. შედეგად, სათვალის ყიდვა მოუწია, რომელიც უხარისხო აღმოჩნდა. თუმცა, რომ არა ეს შემთხვევა ის შესაძლოა დღემდე ჩრდილში ყოფილიყო, ჩვენ კი არასოდეს გაგვეგო მიკლის „სათვალელანდიის“ შესახებ. ვინაიდან სწორედ ამ ინციდენტმა მისცა ბიძგი მის შემოქმედებას და ასე გაჩნდა პირველი სათვალის შექმნის იდეა.