მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Sep 21, 2011

საინტერესო ფაქტები ა.შ.შ.–ის ფულის გარშემო

• 10 მილიარდი დოლარი 1 დოლარიან კუპიურებში რომ გქონდეთ და ყოველ წამში თითო დოლარი ხარჯოთ, გასაკოტრებლად 317 წელიწადი დაგჭირდებათ.

• ა.შ.შ.–ის ხაზინის დეპარტამენტმა ა.შ.შ.–ის პირველი ქაღალდის ფული 1862 წელს გამოუშვა, რათა მონეტების დანაკლისის კომპენსაცია მოეხდინა და დაეფინანსებინა სამოქალაქო ომი. იმ პერიოდისთვის ქვეყანაში ფულის დეფიციტი იყო. ომმა არასტაბილური საფასო პოლიტიკა გამოიწვია, ამიტომ მოსახლეობა შესყიდვებს პასიურად ახორციელებდა. ხალხმა ოქროსგან და ვერცხლისგან ჩამოსხმული მონეტების აქტიური შეგროვება დაიწყო, რამაც მონეტების დანაკლისი გამოიწვია ქვეყანაში.

• პირველი ქაღალდის კუპიურები შემდეგი ნომინალებეთ დაიბეჭდა: 1 ცენტი, 5 ცენტი, 25 ცენტი და 50 ცენტი.

Jun 5, 2011

ასე ამბობენ - Red Bull-ი აფრთიანებსო...

ენერგეტიკული სასმელი „რედ ბული” ტაილანდში მოიგონეს. ის კომპანია „თი სი ფარმაცევტიკალის” პროდუქტი იყო. პოპულარული აზიაში უკვე 70 – იან წლებში გახდა. მისი ძირითადი მომხმარებელი კი მუშა კლასი იყო, რომელიც ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში ენერგიის შენარჩუნებას ცდილობდა.

„რედ ბული” ევროპაში სინამდვილეში გერმანიამ შემოიტანა. 1982 წელს კომპანია „მატესჩიტსმა” ტაილანდის საწარმოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა და ენერგეტიკული სასმელის წარმოებაც დაიწყო.

დღეისათვის ამერიკის ბაზარზე „რედ ბულს” პირველი ადგილი უკავია. ენერგეტიკული სასმელების ინდუსტრიაში მისი წილი 80%-ს მოიცავს. წელიწადში, მთელ მსოფლიოში 3 მილიარდამდე ქილა იყიდება. ეს სავსებით გასაგებიცაა, როდესაც აგრესიულ კამპანიას ეწევი შედეგიც ასეთვე უნდა იყოს. მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში, „რედ ბული” ექსტრემალური სპორტის სპონსორად გვევლინება. „ფორმულა ერთს,” „სნოუბორდინგს”, „სერფინგს” და მთამსვლელობასაც აფინანსებს.

Apr 23, 2011

ტანსაცმელი მეორეხარისხოვანია, თეთრეული კი წმინდა და შეუდარებელი!

ქალის გარეგნული იერისა და შინაგანი ფარული სურვილების ურთიერთგადამკვეთი, ღრმა კავშირის გაგება რთულია. ემოციებისა და განცდების სამყაროში გასარკვევად მხოლოდ ძლიერი ცოდნა და ინტუიცია არ კმარა. თითოეული ქალი ინდივიდუალური სტილით, თავისებური უნიკალურობითა და ქალური მგრძნობელობის მრავალფეროვანი ნიუანსებით გამოირჩევა. ამიტომ მის შესაცნობად, ცოდნისა და ინტუიციის პარალელურად, მრავალწლიანი გამოცდილებაა საჭირო, რომელიც კომპანია "La Perla"-ს ნამდვილად არ აკლია.

"La Perla" ქალის ძვირფასი თეთრეულის მწარმოებელი იტალური კომპანიაა. კომპანიის სახელწოდება ქართულად, როგორც მარგალიტი ითარგმნება. "La Perla"-ს პროდუქცია ყოველთვის მაღალ ხარისხთან, მომხიბვლელობასთან, მგრძნობელობასთან, სინაზესთან და სილამაზესთან ასოცირდება. ამ ნიშნის ქვეშ წარმოებული თეთრეული არამხოლოდ მოდის ტენდენციებს პასუხობს, არამედ თითოეულ ქალბატონზე ინდივიდუალურადაა მორგებული.

Feb 5, 2011

ჰენრი ფორდის დინასტიური მმართველობა

ჰენრი ფორდი ხშირად ავტომობილის გამოგონებასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის საავტომობილო ბიზნესის ფუძემდებელია. წარმოებაში ეკონომიკური ორგანიზებულობის გაჩენის პარალელურად მენეჯმენტის საჭიროება გაჩნდა. ამისათვის თავად მართვის საფუძვლები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც ბიზნესის ინდუსტრიაში ძლიერი მმართველების მოსვლას გულისხმობდა. ჰენრი ფორდი სწორედ ამ მიმართულებით გახლდათ ინოვატორი და მისი საქმიანობის წყალობით, მეოცე საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენად არის აღიარებული.

ჰენრი ფორდმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ინდუსტრიალური წარმოება ჩამოაყალიბა, რომელმაც 1 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი მოუტანა, რაც დღეისათვის დაახლოებით 36 მილიარდს უდრის. მისმა პრინციპებმა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს. მან 15, 5 მილიონი „ფორდ - ტ“ მარკის მანქანა გაყიდა. ჰენრიმ თანამშრომლებს ხელფასი გაუორმაგა და ე.წ. „ცისფერ საყელოიანთა“ კლასი ჩამოაყალიბა, რომელიც „საკუთარი“ ავტომობილის საყიდლად ფულს აგროვებდა. გამოდის, რომ ფორდს არ შეუქმნია მოთხოვნა მანქანებზე, არამედ მან ყველა პირობა შექმნა მოთხოვნისათვის. ამერიკული მენეჯმენტი კი უკვე ჰენრი ფორდის პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.

Jan 8, 2011

„Coca-Cola“-ს საახალწლო პროპაგანდიდან ქალბატონ კლაუსამდე

იდეოლოგიურად ღმერთთან გაიგივებულს პატარების სამყაროში ყოვლის განსჯა ძალუძს... მის გამოჩენას ხშირად მოუთმენლად ელიან, ისიც იციან, რომ მას ყველა უყვარს და მუდამ ფიქრობს - როგორ გააბედნიეროს მოწყენილებისა და ყველასგან დავიწყებულების გულები. ბობოქარი და კეთილშობილი, მომღიმარი და ფუმფულა, ვარდისფერღაწვებიანი და თეთრწვერა, წითელ ფერში შემოსილი თავისთავად სანტა კლაუსია. ამ მომენტამდე არავის შეპარვია ეჭვი, რომ მხედველობაში შესაძლებელია სხვა პერსონაჟი მყოლოდა, რაც Coca-Cola“-ს 80 წლიანი რეკლამირების დამსახურებაა, რომელმაც მთელს მსოფლიოში გავრცელებული თანამედროვე სანტა კლაუსის იმიჯი გამოძერწა.

თუმცა, პოპულარობის მოპოვებამდე სანტა კლაუსის იმიჯმა დიდი გზა განვლო. სამოქალაქო ომის კარიკატურისტმა თომას ნასთმა ჯერ კიდევ 1862 წელს, ჟურნალ ჰარპერ ვიქლისთვის, სანტა პატარა ელფის სახით წარმოადგინა. მომდევნო 30 წლის განმავლობაში მხატვარმა სანტას უამრავი სახე შექმნა, „Coca-Cola“-მაც კი მოიწონა მისი ნამუშევარი და ასე, 1920 წელს, პირველად გამოიყენა სანტა თავის რეკლამაში.

1931 წლამდე სანტას ვიზუალური მხარე მუდმივად იცვლებოდა... მანამდე, სანამ სარეკლამო სააგენტომ - „D'Arcy“-მ რეალიზმისა და სიმბოლიზმის გაერთიანება არ მოისურვა, რისთვისაც მიჩიგანში დაბადებული ილუსტრატორი ჰადონ სანდბლომი (Haddon Hubbard "Sunny" Sundblom) დაიქირავა.

Nov 13, 2010

ბრენდინგი ნიკოს პურების გარშემო

გაღვიძებისას, ფანჯრიდან ახლად გამომცხვარი პურის სურნელი მეპარება. შემდგომ, ის სამზარეულოში ინაცვლებს და ჩემი საუზმის უცვლელი კომპონენტი ხდება. ალბათ მიმიხვდით, ჩემი ბინის ქვეშ თონეა. აქ, ყოველდღიურად ათასობით პური ცხვება. დილაობით, საცხობთან განსაკუთრებული ამბავი ტრიალებს. მყიდველთა რიგი მორჩილად ელოდება საკუთარ ჯერს, ფუსფუსებენ, ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებენ, არ მაძინებენ. ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებულად გემრიელი პურია, მცხობელს აქებენ და ადიდებენ. იმასაც ამობობენ, რომ ნიკოსნაირი პური თბილისში არსად ცხვებაო. გამოდის, რომ ერთმა პატარა ადამიანმა საკუთარი ბრენდი შექმნა, მაგრამ ამ შემხვევაში, ბრენდი თავად ნიკოა. მისგან ხალხი პურს იმიტომ ყოდულობს, რომ თავად ნიკოა მცხობელი და თუ ხვალ მის საქმეს სხვა ადამიანი შეასრულებს, მისსავე საცხობში, იმავე ტექნოლოგიით, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოს პურებზე მოთხოვნა დაეცემა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მცირე წარმოებისა და შეზღუდული ბაზრის პირობებში, ბრენდის შექმნა შეუძლებელია.

ვფიქრობ დროა, ნიკომ ბრენდინგს მიმართოს და ბიზნესი გააფართოვოს, ვინაიდან სწორედ მასე იწყებოდა ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის მქონე საქონლის წარმოება. საქონელზე ნიშანი ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა და პირუტყვზე ნიშნის დატანით ვლინდებოდა. თუმცა, დღემდე განვითარებადი საფუძველი ბრენდინგს რეალურად მეცხრამეტე საუკუნეში ჩაეყარა. მსოფლიო წარმოებაში რევოლუცია სუფევდა. კომპანიები ოჯახურ საქონელზე უარს ამბობდნენ. წარმოებაში კი სპეციალიზირებული საწარმოები გაჩნდა. ახლა საქონელს ქარხნები და ფაბრიკები აწარმოებდნენ. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის საზღვრებს გასცდა და ბიზნესში ექსპორტირების საჭიროება გაჩნდა. შესაბამისად, მწარმოებლებს პრობლემა გაუჩნდათ, ვინაიდან არავის სურდა ისეთი საპნის ყიდვა, რომლის შეფუთვაზე უბრალოდ ეწერა - საპონი. ასეთ პროდუქციას ადამიანები არ ენდობოდნენ. ამიტომაც ბრენდინგი აუცილებელი გახდა, რათა დაერწმუნებინათ მომხმარებელი, რომ ეს კარგი საქონელია და სწორედ მას აწარმოებს ესა თუ ის კომპანია.

ასე გაჩნდა პირველი დაფიქსირებული ბრენდირებული საქონელი - სუპი Campbell's და დღემდე ყველასათვის ცნობილი Coca-Cola.

Oct 7, 2010

აისბერგი, რომელიც ათბობს


ვინაიდან უკვე ოქტომბერია, გარეთ მუდმივი წვიმებია და სიცივეც ნელ-ნელა გვეპარება, გადავწყვიტე, შესაბამისს ბრენდზე დამეწერა. მართალია, ეს ბრენდი ამინდს ამართლებს, მაგრამ მისი პროდუქცია თავდაპირველად სწორედ სიცივისგან დასაცავად შეიქმნა. მაშ ასე, ეს იტალიური ბრენდი „აისბერგია“.

„აისბერგი” უკვე 40 წელიწადზე მეტია რაც არსებობს. თავდაპირველად, იგი როგორც მცირე საწარმო იყო ჩაფიქრებული და ნაქსოვ ტანსაცმელს უშვებდა. დღეისათვის „აისბერგი“ 2 მილიონ ნივთზე მეტს აწარმოებს. ტრიკოტაჟის ბაზარზე კი ერთ-ერთი ლიდერთაგანია.

ჯულიანა მარჩინის იდეა თბილი ტანისამოსი ფერადი გაეხადა 1974 წელს გაჩნდა. ასე შეიქმნა ბრენდი „აისბერგი”, რომლის შემჩნევა შეუძლებელი იყო. ჯულიანა კოსტუმებს თავად პრეზიდენტსაც კი უკერავდა. ამიტომ ბრენდის პოპულარობა სწრაფად იზრდებოდა.

Sep 18, 2010

ნუმიზმატიკა, ძველი ფული და ჩემი კოლექცია

თურმე, რენესანსის ეპოქაში ევროპელი მაღალჩინოსნები ძველებურ მონეტებს აგროვებდნენ. მონეტების შეგროვების მეცნიერება კი ნუმიზმატიკაა. ეს ლათინური სიტყვაა და მონეტას ნიშნავს. გარდა ამისა, მონეტარულ და საგადასახადო სისტემებს შეისწავლის. პირველი წიგნი მონეტებზე 1514 წელს, ფრანგმა ფილოსოფოსმა გუილაუმუ ბუდემ დაწერა. არსებობს ადრეული პერიოდის ისტორიული დოკუმენტები, სადაც ნუმიზმატიკაზე კონკრეტული საუბარი არაა. იტალიელი პოეტი ფრანჩესკო პეტრარჩე წერდა, რომ მეღვინე მას ძველ ლითონის ფულს სთავაზობდა. რომაული მონეტების პირველი კოლექცია 1355 წელს თავად მწერალმა იმპერატორ ჩარლზ მეოთხეს წარუდგინა. შემდგომში, ეს მიბაძვის საგნად გადაიქცა. ადამიანები, რომლეთაც საკუთარი მონეტების კოლექციები აქვთ ნუმიზმატები არიან. ჩემს თავს ნუმიზმატს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. თუმცა, ძველი ფულისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დამჩემდა.

ამბავი ბათუმში დაიწყო. ლიდა ბებოს ეზოში ერთი ძველი და მიტოვებული სახლი იდგა, რომელიც დედამისს ნანისო მელაძეს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, ადამიანს ყველაფერი ძველი და მისტიური იზიდავს. შესაბამისად, არც მე გახლდით გამონაკლისი. განსაკუთრებით მას მერე, რაც შევიტყე, რომ სახლში ძველი ნივთები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. სინესტისგან დამპალ პატარა ხის სახლს ალაგ-ალაგ იატაკიც კი არ ჰქონდა, ამიტომ შიგნით შესვლას ვერავინ ბედავდა. მე კი 7 წლისას სულმა წამსძლია და ჩუმად შევიპარე... ბნელ ოთახებში ბოდიალისას, მარტოობის, შიშისა და თავგადასავლის შეგრძნება მქონდა. კარგად მახსოვს, იქიდან გამოტანილი ქაღალდებით გატენილი ჩულქი, რომელიც დავმალე და თბილისში ჩუმად ჩამოვიტანე. ეს ქაღალდები ძველი ფული აღმოჩნდა, რომელიც ნანისოს თურმე ყოველთვის საკმაოდ ბევრი ჰქონია...

Jul 31, 2010

ამბავი სახელწოდებისა - I ნაწილი

ყველა კომპანიას სახელწოდების შექმნის თავისი ამბავი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ძალზედ უცნაურად არის შერჩეული. ხანდახან სახელწოდება პირდაპირი შინაარსის მატარებელია ან პირიქით, სრულიად არანაირ კავშირშია თავად პროდუქტთან და წარმოებასთან.

მაგალითად, „Apple“ - ინგლისური სიტყვაა და ვაშლს ნიშნავს. ვის არ უყვარს ვაშლი? კომპიუტერული კომპანია „Apple-ს” დამფუძნებელს, სტივი ჯობსსაც ყვარებია, მეტიც ეს მისი ფავორიტი ხილი ყოფილა. ახალადდაფუძნებული კომპანიის სახელწოდების ძიებისას სამთვიანი ფიქრის შემდეგ, სტივ ჯობს თანამშრომლებთან თათბირი გაუმართავს და უთხოვია თავიანთი ალტერნატივა 5 საათამდე შეეთავაზებინათ. ახალი იდეა არ გაჩნდა, კომპანიას კი ვაშლის სახელწოდება - „Apple” შერჩა.

მეორე კომპიუტერული კომპანია „Hewlett-Packard“ ან უბრალოდ „HP” დამფუძნებელთა ინიციალებისგან შედგება. ბილ ჰავლეტმა და დეივ პაკარდმა თავის დროზე პირველობისთვის მონეტა ააგდეს. ასე დაადგინეს, რომ კომპანიისთვის არა „Packard-Hewlett“, არამედ „Hewlett-Packard“ უნდა დაერქმიათ.

Jul 10, 2010

მსოფლიო თასზე ლიდერი ბრენდი ანუ „ადიდასი“

ხომ გაგიგიათ - ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო? სინამდვილეში, ყოველთვის ასე არ ხდება. ამის ნათელი მაგალითი ძმები დასლერები არიან, რომელთა უთანხმოებამ საერთო საწყისის მქონე კომპანია „ადიდასი“ და „პუმა“ წარმოშო.

თავდაპირველად, ძმები ადოლფ და რუდოლფ დასლერები ფეხსაცმლის წარმოებას პირველი მსოფლიო ომის შემდგომ შეუდგნენ. ყოველწლიურად ორას ათას ფეხსაცმელს ჰყიდნენ და სამომავლოდ გეგმებსაც აწყობდნენ. თუმცა, საბოლოოდ ერთმანეთთან უთანხმოების გამო, ცალ-ცალკე მუშაობა ამჯობინეს. ასე, რუდი დასლერმა 1948 წელს „პუმა” დაარსა, ხოლო ადოლფმა „ადიდასი” დაარეგისტრირა. წარმატების გზა ორივე ძმამ სხვადასხვაგვარად განვლო.