მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Nov 13, 2010

ბრენდინგი ნიკოს პურების გარშემო

გაღვიძებისას, ფანჯრიდან ახლად გამომცხვარი პურის სურნელი მეპარება. შემდგომ, ის სამზარეულოში ინაცვლებს და ჩემი საუზმის უცვლელი კომპონენტი ხდება. ალბათ მიმიხვდით, ჩემი ბინის ქვეშ თონეა. აქ, ყოველდღიურად ათასობით პური ცხვება. დილაობით, საცხობთან განსაკუთრებული ამბავი ტრიალებს. მყიდველთა რიგი მორჩილად ელოდება საკუთარ ჯერს, ფუსფუსებენ, ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებენ, არ მაძინებენ. ამბობენ, რომ ეს განსაკუთრებულად გემრიელი პურია, მცხობელს აქებენ და ადიდებენ. იმასაც ამობობენ, რომ ნიკოსნაირი პური თბილისში არსად ცხვებაო. გამოდის, რომ ერთმა პატარა ადამიანმა საკუთარი ბრენდი შექმნა, მაგრამ ამ შემხვევაში, ბრენდი თავად ნიკოა. მისგან ხალხი პურს იმიტომ ყოდულობს, რომ თავად ნიკოა მცხობელი და თუ ხვალ მის საქმეს სხვა ადამიანი შეასრულებს, მისსავე საცხობში, იმავე ტექნოლოგიით, დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოს პურებზე მოთხოვნა დაეცემა. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მცირე წარმოებისა და შეზღუდული ბაზრის პირობებში, ბრენდის შექმნა შეუძლებელია.

ვფიქრობ დროა, ნიკომ ბრენდინგს მიმართოს და ბიზნესი გააფართოვოს, ვინაიდან სწორედ მასე იწყებოდა ნებისმიერი სავაჭრო ნიშნის მქონე საქონლის წარმოება. საქონელზე ნიშანი ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა და პირუტყვზე ნიშნის დატანით ვლინდებოდა. თუმცა, დღემდე განვითარებადი საფუძველი ბრენდინგს რეალურად მეცხრამეტე საუკუნეში ჩაეყარა. მსოფლიო წარმოებაში რევოლუცია სუფევდა. კომპანიები ოჯახურ საქონელზე უარს ამბობდნენ. წარმოებაში კი სპეციალიზირებული საწარმოები გაჩნდა. ახლა საქონელს ქარხნები და ფაბრიკები აწარმოებდნენ. პროდუქცია ადგილობრივი ბაზრის საზღვრებს გასცდა და ბიზნესში ექსპორტირების საჭიროება გაჩნდა. შესაბამისად, მწარმოებლებს პრობლემა გაუჩნდათ, ვინაიდან არავის სურდა ისეთი საპნის ყიდვა, რომლის შეფუთვაზე უბრალოდ ეწერა - საპონი. ასეთ პროდუქციას ადამიანები არ ენდობოდნენ. ამიტომაც ბრენდინგი აუცილებელი გახდა, რათა დაერწმუნებინათ მომხმარებელი, რომ ეს კარგი საქონელია და სწორედ მას აწარმოებს ესა თუ ის კომპანია.

ასე გაჩნდა პირველი დაფიქსირებული ბრენდირებული საქონელი - სუპი Campbell's და დღემდე ყველასათვის ცნობილი Coca-Cola.