მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS
Showing posts with label ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. Show all posts
Showing posts with label ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. Show all posts

Mar 24, 2010

„როზენტალის“ მოხატული თეფშები

ბებია (დედის დედა) არასოდეს მინახავს. ის ახალგაზრდა მკერდის კიბოსგან გარდაცვლილა. აი, დიდი ბებია კი კარგად მახსოვს. ძალიან უცნაური იყო ლიდა... კოხტა, კოპწია, მოწესრიგებული, არისტოკარტი და დახვეწილი. ზაფხულობით, როდესაც არდადეგები იწყებოდა, მთელი სამი თვით ბათუმში მაგზავნიდნენ. ხოდა, მეც ზღვიდან დაბრუნებულს სხვა რა საქმე მქონდა? დავძვრებოდი კარადებში, ვათვალიერებდი ყველაფერს. ორივე სართულის ყოველი ოთახი, სარდაფი და სხვენი შესწავლილი მქონდა. ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენდი და მიხაროდა. ჩემი უსასრულო ევრიკის საგანი ლიდა ბებოს ანტიკვარული ნივთები იყო. რას არ იპოვიდი ამ ძველ საგვარეულო სახლში, მაგრამ განსაკუთრებულად ნაირფერი ჭურჭელი მიყვარდა. ვერცხლის დანები, ჩანგლები, კოვზები და აუარებელი, რაოდენობის მოხატული თეფშები. ოჯახში ყოველი ნივთის გაჩენის ისტორიას მიყვებოდა ბებო. ასე, რომ თუ კი მეორედ ვათვალიერებდი რამეს, ბედნიერებისგან მეღიმებოდა, ვინაიდან სწორედ ამ წუთებში იბადებოდა უცნაური, საიდუმლო, ოდნავ მისტიური კავშირი ჩემსა და ლიდა ბებოს ნივთებს შორის. მე ხომ მათი ისტორია ვიცოდი. სამწუხაროდ, ლიდა ბებია ახლა უკვე აღარ არის. მისი ნივთების უმეტესობა მართალია მიმოფანტულია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია. პირადად მე მისგან სახსოვრად ოქროს საათი დამრჩენია, დედაჩემს ვერცხლის ყალიონი და ის ნაირფერი ჭურჭელი, რომელიც ოდესღაც ჩემი ევრიკის საგანი იყო. მიხვდებოდით, თემა ჭურჭლის მწარმოებელ კომპანიას ეხება.

Mar 2, 2010

ჯადოსნური ყავა

თითქოს პირველად მივემართები უცხოობისკენ, სადაც არასდროს ვყოფილვარ. კარს მიღებს ნაცნობი მასპინძელი. თითების თითოეული ნერვიული დაბოლოება ხელში მოხერხებულად მოკალათებულ მორიგ საოცრად სურნელოვან ფინჯან ყავას ეხება. სახეზე უბიწოების ექსტაზში დამუნჯებული ღიმილი და ჩათვლემილი თვალების სასიამოვნოდ ირონიული გამოხედვა მაქვს. თავს ვიწყნარებ, მე ხომ ზუსტად ასეთი დილა მიყვარს. ხმაური, შიშინი... რადიო ტალღები ამინდის პროგნოზს გადმოსცემენ. ბრენდის სამზარეულოში ამინდი მზიანია, მოსალოდნელია უნალექო ყავის მიმოხილვა :)


ეს პოსტი ალბათ არც დაიწერებოდა, რომ არა ბრაზილიაში მყოფი მაქს მორგენტალერის 1930 წლის გამოგონება - ახალი, იოლად დასამზადებელი ყავის ფხვნილი, რომელსაც ადუღებულ წყალს ამატებ და ვუალა ცხელი, სურნელოვანონი სასმელი მზადაა. საიდუმლო რეცეპტი შვეიცარიაში მალევე აღმოჩნდა და უკვე 1938 წლის 1 აპრილს კომპანია „ნესტლეს“ ერთ-ერთი ბრენდის სახით გაყიდვაში გამოვიდა. თუმცა, ყავის სახელწოდება „ნესკაფე“ პირველად ორმოცდაათიან წლებში ამერიკის სატელევიზიო რეკლამებში გამოჩნდა. შემდეგ კი შეფუთვებზეც დააწერეს. მოგვიანებით „ნესტლემ“ ამერიკაში ახალი ბრენდის წარმოება დაიწყო და „თესთერს ჩოის“ უწოდა. „ნესკაფეს“ რეორგანიზაცია 2003 წელს მოხდა და პროდუქტს ახალი სახელი „ნესკაფე თესთერ ჩოის“ დაარქვეს. ყავის პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამერიკის მთავრობა არმიაში ყოველწლიურად „ნესკაფეს“ მილიონ კოლოფს გზავნიდა. სწორედ ამერიკის სამხედრო ძალებმა გახადეს ყავა პოპულარული ევროპის ქვეყნებში. ის ხომ ამერიკელი ჯარისკაცების კვების ყოველდღიურ რაციონში შედიოდა. ამას მოყვა ბრენდის ექსპორტირება საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. ბრენდი თანდათან უფრო დიდი წარმატებით იყიდებოდა. ხოლო ორმოცდაათიანი წლებიდან ის თინეიჯერების საყვარელ სასამელადაც იქცა. ყავის სახლებში მოზარდები სასმელის დასალევად და ახალი მუსიკალური მიმდინარეობის როკენ-როლის მოსასმენად მიდიოდნენ.

Jan 12, 2010

ჯორჯ ბლეისდეილის ცეცხლოვანი იდეა

დიდი დეპრესიის პერიოდში შორეული ამერიკის მენავთობეთა ქალაქ ბრედფორდში, შტატ პენსილვანიაში ჩვეულებრივ სოფლის კლუბში ვინმე ჯორჯ ბლეისდეილი საცეკვაოდ მისულა. მაშინ ის ნავთობმომპოვებელი მოწყობილობების მწარმოებელი ფირმის მეწილე იყო. მეტალთან შეხება ყმაწვილობიდანვე ჰქონდა და არც გამომგონებლობის ნიჭი აკლდა. ცეკვა და ფუჭი დიალოგები ჯორჯს მალევე მობეზრდა, ამიტომ მორიგი სიგარეტის მოსაწევად ვერანდაზე გავიდა. აქ თავისი ძველი მეგობარი, დიკ დრესერი შენიშნა. ან როგორ შეიძლებოდა მისი არშემჩნევა, როდესაც ის სახის შეწუხებული გამომეტყველებით და ბუზღუნით ავსტრიული წარმოების, ძველ სანთებელას თავსახურს აწვალებდა. ჯორჯმა გახედა მეგობარს, სულ ერთი წამით დაფიქრდა და ვინაიდან დიკი შეძლებული ადამიანი გახლდათ, თავს ასეთი შენიშვნის მიცემის უფლება მისცა: „ძვირფასო დიკ, ახალი მეტად პრეზენტაბელური სანთებელის ყიდვის დრო ხომ არ არის?", მაგრამ დიკმა ამ დროისთვის სანთებელას თავსახური ახადა და ბორბალს დაჰკრა. მიუხედავად ქარისა, სანთებელა მაინც აინთო. დიკმა სიგარეტს მოუკიდა და უკმაყოფილო სახით წაიბუტბუტა: „კი, მაგრამ ეს სანთებელა ჯერ კიდევ მუშაობს!" ეს იყო ახალი იდეის წარმოშობის მომენტი იმიტომ, რომ ჯორჯმა სწორედ მაშინ გაათვითცნობიერა: „სანთებელა! ეს ისაა, რაც ადამიანს მისი მატერიალური სტატუსის მიუხედავად მუდმივად სჭირდება!" იმ დღიდან მოყოლებული ჯორჯი მუდმივად ფიქრობდა სანდო და ყველასათვის ხელმისაწვდომი სანთებელების წარმოებაზე.

ამგვარად, 1932 წელს შეიქმნა „Zippo”. ჯორჯმა ასეთი სახელწოდება საყვარელი სიტყვიდან „Zipper-იდან” გამომდინარე შეარჩია, რაც ელვას ნიშნავს. თუმცა, ვინაიდან მისთვის „Zippo” უფრო მოდურად ჟღერდა კომპანიას ეს სახელი მისცა. „Zippo-ს” ქარხანაში თავდაპირველად 6 ადამიანი მუშაოდა. თანამშრომელთა რაოდენობა თანდათან, პროდუქციის პოპულარობასთან ერთად მატულობდა. 1933 წელს ერთი სანთებელა 1, 95 $ იყიდებოდა და მიუხედავად ამისა, მომხმარებელს მოსწონდა ახალი, მოსახერხებელი დიზაინი, რომელიც სანთებელის ცალი ხელით ანთების შესაძლებლობას იძლეოდა.

Dec 6, 2009

„Procter&Gamble-ის” საპნის ოპერა

მილიარდოლარიანი ღირებულების კატეგორიაში შემავალი ბრენდები: „არიელი", „ჯილეტი", „პამპერსი", „ველა", „თაიდი", „მაქს ფაქტორი", „დურასელი", „პანტინი", „ბრაუნი" და „ორალ-ბი" მსოფლიოში ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქციაა. ამ საქონლის გაყიდვები დღითიდღე მატულობს, თუმცა ცოტამ თუ იცის რა აერთიანებთ მათ. ყოველი მათგანი კომპანია „Procter&Gamble-ის” საკუთრებაა.

კომპანიის სახელწოდება ორი ნაწილისგან შედგება. ვილიამ პროკტერი სანთლებს, ხოლო ჯეიმს გეიმბლი საპონს აწარმოებდნენ. თუმცა, რომ არა დები, რომელზეც მათ იქორწინეს, ისინი შესაძლოა ვერასოდეს შეხვედრილიყვნენ. მეწარეები 1837 წელს გაერთიანდნენ და საკუთარი კომპანია „Procter&Gamble” დაარსეს.

პირველი მილიონ დოლარიანი მოგება „Procter&Gamble-მა” 1859 წელს მიიღო. ამ დროისთვის კომპანიაში 18 ადამიანი მუშაობდა. გაყიდვებმა პირველი მსოფლიო ომის დროს იმატა. ამერიკელი ჯარისკაცები კონტრაქტის თანახმად სწორედ „Procter&Gamble-ის” საპონს მოიხმარდნენ.

Nov 20, 2009

ყველაზე ძვირადღირებული ხვლიკის ისტორია

ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ადამიანებს სურდათ, რომ მათი ტყავის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მუდმივად იდეალურ მდგომარეობაში ყოფილიყო. ამაზე ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის შექმნის ისტორია მეტყველებს, რომელიც შტუტგარდში, 1885 წელს იწყება.

ახალგაზრდა იაკობ ზილგემ წვალებით ნაშოვნი სახსრები ჩექმების სამკერვალოში დააბანდა. ათ წელიწადში თანამოაზრე - მაქს ლევი აღმოაჩინა. ტყავის გადამუშავებაზე ორიენტირებული მაქსი მომავალში მისი საქმიანი პარტნიორი გახდა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მათ საქონელს ხვლიკის სახით ლოგოც კი გაუჩნდა. 1909 წელს ამ ლოგოს მქონე პროდუქცია უკვე 26 კერძო მაღაზიაში იყიდებოდა. ასე იწყებოდა „Salamander-ის” ისტორია.

ბრენდის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც რეალური წარმატება მოჰყვა 1922 წელს იწყება. ვინაიდან ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების მზადებას სწორედ ამ დროს ჩაეყარა საფუძველი. 70-იანი წლებისათვის უკვე მთელმა მსოფლიომ იცოდა რას ჰყიდდა „Salamander-ი”.

„Salamander-ის” პროდუქციაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მატერიალური პროცესები გამოიყენება. ეს კი იმისათვის, რომ დასახულ მისიას ამართლებდეს და რაც შეიძლება სრულიად აკმაყოფილებდეს მომხმარებლის სურვილებს. დღეისათვის „Salamander-ი” უკვე ბრენდია და კომპანია „Malvo-ს” ეკუთვნის, რომლის მფლობელობაში კიდევ სამი ბრენდია: „Woly”, „Woly Sport” და „Coxy”.

Oct 28, 2009

მექანიკური ელვის ევოლუცია ანუ გზა ორმხრივ ელვამდე

მექანიკურმა ელვამ დიდი გზა განვლო. დღევანდელი სრულყოფილი სახე კი რამოდენიმე გამომგონებლის დაკვირვების შემდეგ მიიღო.

თანამედროვე ელვა ინჟინერ-მექანიკოსმა, გიდეონ სანდბაკმა 1917 წელს დააპატენტა. ეს იყო მოზრდილი ზომის მექანიკა. დროთა განმავლობაში მისი დიზაინი შეიცვალა. დღეს კი უკვე ოთხი სახის ელვა არსებობს.

„YKK” ელვების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვეულებრივმა მუშამ ტადაო იოშიდამ კომპანია 1934 წელს ტოკიოში დაარსა. თუ კი კარგად დააკვირდებით თქვენს ტანისსამოსს ამ ფირმის ელვას უდაოდ აღმოაჩენთ. „YKK” მსოფლიო ბაზარზე ლიდერობს და ელვების 68%-ს აწარმოებს. ითვლება, რომ ყოველი მესამე ელვა „YKK” ფირმისაა.

ჩინური კომპანია „Talon International” ელვების ინდუსტრიაში მეორე ადგილს იკავებს. ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა „Levis” და „Victoria Secret” მისი მომხმარებლები არიან.