
ბებია (დედის დედა) არასოდეს მინახავს. ის ახალგაზრდა მკერდის კიბოსგან გარდაცვლილა. აი, დიდი ბებია კი კარგად მახსოვს. ძალიან უცნაური იყო ლიდა... კოხტა, კოპწია, მოწესრიგებული, არისტოკარტი და დახვეწილი. ზაფხულობით, როდესაც არდადეგები იწყებოდა, მთელი სამი თვით ბათუმში მაგზავნიდნენ. ხოდა, მეც ზღვიდან დაბრუნებულს სხვა რა საქმე მქონდა? დავძვრებოდი კარადებში, ვათვალიერებდი ყველაფერს. ორივე სართულის ყოველი ოთახი, სარდაფი და სხვენი შესწავლილი მქონდა. ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენდი და მიხაროდა. ჩემი უსასრულო ევრიკის საგანი ლიდა ბებოს ანტიკვარული ნივთები იყო. რას არ იპოვიდი ამ ძველ საგვარეულო სახლში, მაგრამ განსაკუთრებულად ნაირფერი ჭურჭელი მიყვარდა. ვერცხლის დანები, ჩანგლები, კოვზები და აუარებელი, რაოდენობის მოხატული თეფშები. ოჯახში ყოველი ნივთის გაჩენის ისტორიას მიყვებოდა ბებო. ასე, რომ თუ კი მეორედ ვათვალიერებდი რამეს, ბედნიერებისგან მეღიმებოდა, ვინაიდან სწორედ ამ წუთებში იბადებოდა უცნაური, საიდუმლო, ოდნავ მისტიური კავშირი ჩემსა და ლიდა ბებოს ნივთებს შორის. მე ხომ მათი ისტორია ვიცოდი. სამწუხაროდ, ლიდა ბებია ახლა უკვე აღარ არის. მისი ნივთების უმეტესობა მართალია მიმოფანტულია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია. პირადად მე მისგან სახსოვრად ოქროს საათი დამრჩენია, დედაჩემს ვერცხლის ყალიონი და ის ნაირფერი ჭურჭელი, რომელიც ოდესღაც ჩემი ევრიკის საგანი იყო. მიხვდებოდით, თემა ჭურჭლის მწარმოებელ კომპანიას ეხება.