ყველა კომპანიას სახელწოდების შექმნის თავისი ამბავი გააჩნია. ზოგიერთი მათგანი ძალზედ უცნაურად არის შერჩეული. ხანდახან სახელწოდება პირდაპირი შინაარსის მატარებელია ან პირიქით, სრულიად არანაირ კავშირშია თავად პროდუქტთან და წარმოებასთან.
მაგალითად, „Apple“ - ინგლისური სიტყვაა და ვაშლს ნიშნავს. ვის არ უყვარს ვაშლი? კომპიუტერული კომპანია „Apple-ს” დამფუძნებელს, სტივი ჯობსსაც ყვარებია, მეტიც ეს მისი ფავორიტი ხილი ყოფილა. ახალადდაფუძნებული კომპანიის სახელწოდების ძიებისას სამთვიანი ფიქრის შემდეგ, სტივ ჯობს თანამშრომლებთან თათბირი გაუმართავს და უთხოვია თავიანთი ალტერნატივა 5 საათამდე შეეთავაზებინათ. ახალი იდეა არ გაჩნდა, კომპანიას კი ვაშლის სახელწოდება - „Apple” შერჩა.

მეორე კომპიუტერული კომპანია „Hewlett-Packard“ ან უბრალოდ „HP” დამფუძნებელთა ინიციალებისგან შედგება. ბილ ჰავლეტმა და დეივ პაკარდმა თავის დროზე პირველობისთვის მონეტა ააგდეს. ასე დაადგინეს, რომ კომპანიისთვის არა „Packard-Hewlett“, არამედ „Hewlett-Packard“ უნდა დაერქმიათ.