მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Feb 5, 2011

ჰენრი ფორდის დინასტიური მმართველობა

ჰენრი ფორდი ხშირად ავტომობილის გამოგონებასთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ის საავტომობილო ბიზნესის ფუძემდებელია. წარმოებაში ეკონომიკური ორგანიზებულობის გაჩენის პარალელურად მენეჯმენტის საჭიროება გაჩნდა. ამისათვის თავად მართვის საფუძვლები უნდა ჩამოყალიბებულიყო, რაც ბიზნესის ინდუსტრიაში ძლიერი მმართველების მოსვლას გულისხმობდა. ჰენრი ფორდი სწორედ ამ მიმართულებით გახლდათ ინოვატორი და მისი საქმიანობის წყალობით, მეოცე საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენად არის აღიარებული.

ჰენრი ფორდმა მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ინდუსტრიალური წარმოება ჩამოაყალიბა, რომელმაც 1 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი მოუტანა, რაც დღეისათვის დაახლოებით 36 მილიარდს უდრის. მისმა პრინციპებმა ამერიკის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს. მან 15, 5 მილიონი „ფორდ - ტ“ მარკის მანქანა გაყიდა. ჰენრიმ თანამშრომლებს ხელფასი გაუორმაგა და ე.წ. „ცისფერ საყელოიანთა“ კლასი ჩამოაყალიბა, რომელიც „საკუთარი“ ავტომობილის საყიდლად ფულს აგროვებდა. გამოდის, რომ ფორდს არ შეუქმნია მოთხოვნა მანქანებზე, არამედ მან ყველა პირობა შექმნა მოთხოვნისათვის. ამერიკული მენეჯმენტი კი უკვე ჰენრი ფორდის პრინციპებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.