მსოფლიოს მასშტაბით ცნობადი ბრენდების ბლოგი! აქ ყველაფერი სასარგებლო და საინტერესოა!
RSS

Sep 18, 2010

ნუმიზმატიკა, ძველი ფული და ჩემი კოლექცია

თურმე, რენესანსის ეპოქაში ევროპელი მაღალჩინოსნები ძველებურ მონეტებს აგროვებდნენ. მონეტების შეგროვების მეცნიერება კი ნუმიზმატიკაა. ეს ლათინური სიტყვაა და მონეტას ნიშნავს. გარდა ამისა, მონეტარულ და საგადასახადო სისტემებს შეისწავლის. პირველი წიგნი მონეტებზე 1514 წელს, ფრანგმა ფილოსოფოსმა გუილაუმუ ბუდემ დაწერა. არსებობს ადრეული პერიოდის ისტორიული დოკუმენტები, სადაც ნუმიზმატიკაზე კონკრეტული საუბარი არაა. იტალიელი პოეტი ფრანჩესკო პეტრარჩე წერდა, რომ მეღვინე მას ძველ ლითონის ფულს სთავაზობდა. რომაული მონეტების პირველი კოლექცია 1355 წელს თავად მწერალმა იმპერატორ ჩარლზ მეოთხეს წარუდგინა. შემდგომში, ეს მიბაძვის საგნად გადაიქცა. ადამიანები, რომლეთაც საკუთარი მონეტების კოლექციები აქვთ ნუმიზმატები არიან. ჩემს თავს ნუმიზმატს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. თუმცა, ძველი ფულისადმი სიყვარული ჯერ კიდევ ბავშვობაში დამჩემდა.

ამბავი ბათუმში დაიწყო. ლიდა ბებოს ეზოში ერთი ძველი და მიტოვებული სახლი იდგა, რომელიც დედამისს ნანისო მელაძეს ეკუთვნოდა. მოგეხსენებათ, ადამიანს ყველაფერი ძველი და მისტიური იზიდავს. შესაბამისად, არც მე გახლდით გამონაკლისი. განსაკუთრებით მას მერე, რაც შევიტყე, რომ სახლში ძველი ნივთები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. სინესტისგან დამპალ პატარა ხის სახლს ალაგ-ალაგ იატაკიც კი არ ჰქონდა, ამიტომ შიგნით შესვლას ვერავინ ბედავდა. მე კი 7 წლისას სულმა წამსძლია და ჩუმად შევიპარე... ბნელ ოთახებში ბოდიალისას, მარტოობის, შიშისა და თავგადასავლის შეგრძნება მქონდა. კარგად მახსოვს, იქიდან გამოტანილი ქაღალდებით გატენილი ჩულქი, რომელიც დავმალე და თბილისში ჩუმად ჩამოვიტანე. ეს ქაღალდები ძველი ფული აღმოჩნდა, რომელიც ნანისოს თურმე ყოველთვის საკმაოდ ბევრი ჰქონია...