სიცოცხლის განმავლობაში ადამიანი განვითარების სხვადასხვა სტადიებს გადის. ზოგი პროგრესიულად დროს უსწრებს, ზოგი მშვიდად დინებას მიჰყვება. ამავდროულად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ხშირად მიბაძვის საგანი ხდება. არავინ იცის ვის რა უწერია სამომავლოდ, თუმცა ისეთებიც არსებობენ, ვისაც მიუხედავად ამისა, გეგმები წინასწარ საგულდაგულოდ გაწერილი აქვთ. საბოლოოდ, ჩვენი მიზნების სათავე ჩვენივე ღრმა ოცნებებიდან გამომდინარეობს. მიზნები სხვადასხვა გეგმის მეშვეობეით რეალიზაციის პროცესამდე აღწევენ. რეალურ ცხოვრებაში კი განხორციელებას ისინი ხანდახან ექვემდებარებიან ან სამწუხაროდ პირიქით, მინის ჭურჭელივით იმსხვრევიან. თუმცა ისიც მართალია - თუ ადამიანი ოცნებას წყვეტს, მაშინ მასში ახალი მიზნები ნაკლებად გენერირდება. ეს ისტორია იჯი ტოიოდას ეხება, რომელსაც მიუხედავად თავისი ასაკისა (დაბადების თარიღი - 1913 წელი) ოცნება დღემდე არ შეუწყვიტავს.
ტოიოდას დაზგაზე ავტომატური სამუშაოების საწარმო ტოკიოდან დასავლეთით 200 მილის მანძილზე ქალაქ ნაგოიაში, 1926 წელს დაფუძნდა. მისი მეპატრონე იჯის ბიძა საკიჩი გახლდათ. ოჯახურ ბიზნესში ჩართული იჯის მამა - ჰეიკიჩი საქმისათვის მეტი ყურადღების მისაქცევად საცხოვრებლად თავად ქარხანაში გადავიდა. ასე, რომ იჯის ცხოვრებაში მექანიკური მანქანებისა და დაზგების გარემოცვა ადრეულ ასაკშივე გაჩნდა, რამაც ბუნებრივია უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მის მომავალზე. იჯი ტყუილად კი არ მოხვედრილა ტოკიოს უნივერსიტეტის მექანიკური ინჟინერიის ფაკულტეტზე. 1936 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე იგი აქტიურად ჩაება ოჯახურ ბიზნესში, ქარხნის თანამშრომლებს ინჟინერიის ტრეინინგებს უტარებდა და სულ რაღაც ერთ წელიწადში ახლად დაარსებული „ტოიოტა მოტორ კომპანის" საქმიანი პარტნიორი ხდება.